ვებგვერდის აწყობა
ვებგვერდის აწყობა
დეტალები
რას მოიცავს კურსი? რატომ არის საჭირო ვებგვერდის აწყობა? 1989 წელს ევროპაში, ცერნის ლაბორატორიაში (ფრ. Conseil Européen pour la Recherche Nucléaire, CERN), ტიმ ბერნერეს ლიმ (Sir Timothy John «Tim» Berners Lee) ვებგვერდის (World Wide Web (WWW)) კონცეფცია შეიმუშავა. თუკი მანამდე მეილით ინფორმაციის მხოლოდ კონკრეტული ადრესატისთვის გაგზავნა შეიძლებოდა, ტიმ ბერნერეს ლიმ ინფორმაციის გავრცელების კიდევ უფრო გამარტივება მოინდომა. მისი იდეა, ერთი შეხედვით, მარტივი და დღევანდელი გადმოსახედიდან სავსებით ბუნებრივი იყო. მეილი ხომ ერთგვარი კომპიუტერული ფაილია, რომელიც გარკვეულ ციფრულ ინფორმაციას მოიცავს. ხომ შეიძლება ეს ფაილი, ინფორმაცია, კონკრეტულ ადრესატს კი არ გავუგზავნოთ, არამედ ინტერნეტში დავდოთ და დაინტერესებულმა პირებმა იქ ნახონ. ვებგვერდი კომპიუტერული ფაილია, რომელიც ინტერნეტის ერთ-ერთ სერვერზე დევს და მისი გახსნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ვინ არიან ვებდეველოპერები? იმ ადამიანებს, რომლებიც ვებგვერდის გარეგნულ სახეს ქმნიან, ვებდეველოპერები ჰქვიათ. ასევე მათ ხშირად Front End Developer-ებსაც უწოდებენ, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი ვებგვერდის Front-ს ანუ იმ ნაწილს ქმნიან, რომელთანაც მომხმარებელი შედის ინტერაქციაში. ზოგისთვის ალბათ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვებგვერდის აწყობა შემოქმედებითი პროცესია, ვინაიდან ვებდეველოპერს მუდამ ახალი, განსხვავებული ვებგვერდის შექმნა უწევს. ვებდეველოპმენტი როგორც წესი გუნდური საქმიანობაა და რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ვებდიზაინერები ქმნიან ვებგვერდის დიზაინს. შემდეგ კი ვებდეველოპერები, დამტკიცებული დიზაინის მიხედვით, აწყობენ ვებგვერდს. ამ პროცესში შეიძლება Back-End დეველოპერებიც იყვნენ ჩართულები. როცა ვებგვერდი მზადაა, საქმეში ტესტერები ერთვებიან. ისინი ტესტირების პროცესით ამოწმებენ, რამდენად გამართულად მუშაობს საიტი. რა სახის პროგრამულ ინსტრუმენტებს იყენებენ ვებგვერდის ასაწყობად? ვებგვერდის ასაწყობად დეველოპერები რამდენიმე პროგრამულ ინსტრუმენტს იყენებენ, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია: 1. ჰიპერტექსტური მარკირების ენა ანუ HTML-ი; 2. კასკადური სტილების ცხრილები ანუ CSS-ი; 3. კროსპლატფორმული სკრიპტების ენა ანუ JavaScript-ი. თითოეულ მათგანს ვებგვერდის აწყობისას თავისი დანიშნულება აქვს. HTML-ი უზრუნველყოფს ვებგვერდის სტრუქტურასა და შინაარსს, CSS-ი გამოიყენება ვებგვერდის ელემენტებისთვის სტილის მინიჭებისა და მათ კონკრეტულ ადგილზე განლაგებისთვის, ხოლო JavaScript-ი გამოიყენება ინტერაქტიულ, დინამიური ელემენტების შესაქმნელად. რა არის კურსის მიზანი? კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ პროგრამულ ინსტრუმენტებს (HTML, CSS, JavaScript), რომლის გამოყენებითაც შეძლებ ვებგვერდის აწყობას და შეისწავლი ამ პროცესს.